06 მაისი, 2026
„განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები“ | ეკონომიკური ფორუმის 23-ე დისკუსია გაიმართა
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ეკონომიკური ფორუმის 23-ე დისკუსია გახსნა. დისკუსიის თემა „განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები“ იყო.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.
ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
„შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია, სადაც მწვანე განახლებადი ენერგიის განვითარებასთან და ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკითხები სხვადასხვა კუთხით განვიხილეთ, როგორც რეგულირების თვალსაზრისით, ასევე წარმოდგენილი იყო ბიზნესის ხედვები, საჭიროებები. გავიარეთ ტექნიკური და დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები. ვფიქრობ, რომ ასეთი დისკუსიები პერიოდულად უნდა გაიმართოს, რათა შეჯერებული პოზიციით ყველა ამ პროცესებში ჩართულმა პირმა ხელი შევუწყოთ მწვანე ენერგიის განვითარებას და ეს ყველაფერი შემდგომ ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ბიძგი და საფუძველი გახდეს“, - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
„ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა საკმაოდ საინტერესო მსჯელობა ენერგეტიკის სექტორთან დაკავშირებით. სექტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო როგორც ინვესტორებისთვის, ისე პოლიტიკის გადამწყვეტებისთვის, ვინც ამ დარგში ქმნის პოლიტიკას. არსებობს დიდი პოტენციალი და ამასთან ერთად არსებობს დიდი გამოწვევებიც. საჭიროა მეტი დამეტი მსჯელობა. დღეს კი ძალიან კარგი დისკუსია გამოვიდა“, - აღნიშნა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.
„ძალიან საინტერესო დისკუსია წარიმართა. ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები ენერგეტიკაზე ალბათ გვაკლია. მადლობა ეკონომიკურ ფორუმს იმისათვის, რომ ამ მიმართულებას, ამ სექტორს, ენერგეტიკის პოლიტიკას, ხვალინდელ ჩვენს მომავალს იმიტომ, რომ ენერგეტიკა ხვალინდელ მომავალს და ეკონომიკას დიდწილად განსაზღვრავს, დაუთმო დრო და ადგილი. სასარგებლო იყო მოსაზრებების მოსმენა და მე მგონია, რომ ასეთი ტიპის დისკუსია წაადგება პირველ რიგში სექტორს ზრდისთვის, განვითარებისთვის. აქ იყვნენ პოლიტიკის დამგეგმავები, მარეგულირებელი ორგანოც და მათთან ასეთი უშუალო შეხვედრა იქნება ორმხრივად სასარგებლო ბიზნესისთვისაც და ამ ინსტიტუციების წარმომადგენლებისთვის“, - განმარტა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
„ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია გვქონდა, რომელიც შეეხებოდა ენერგეტიკას, განახლებადი ენერგიის საკითხებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ერთი კვირის წინ საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას დააანონსა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ამბიციური გეგმა ენერგეტიკაში, რომ საქართველო 2030 წლისთვის უნდა გახდეს თვითკმარი ქვეყანა ელექტროენერგიის წარმოების მიმართულებით. ცხადია ეს არის ამბიციური, მაგრამ რეალისტური გეგმა. დღევანდელ დისკუსიაზე სახელმწიფო სექტორის, კერძო სექტორის, ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები ვმსჯელობდით სწორედ აღნიშნულ საკითხზე. ის გეგმები და ის რეფორმები, რომელიც წარმოდგენილი აქვს საქართველოს მთავრობას ენერგოსექტორის განვითარების, გაჯანსაღების, გაძლიერების მიმართულებით სრულიად რეალისტურია. ამავდროულად უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით, როგორც ქვეყნისთვის, რეგიონისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. ამის დასტურია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომლის საშუალებითაც საქართველომ უნდა შეძლოს ელექტროენერგიის მიწოდება ევროკავშირისთვის. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს დიალოგი ხელისუფლებას, ბიზნესსა და აკადემიურ სექტორს შორის, ვინაიდან ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმები საჭიროებს შემდგომ მხარდაჭერას“, - განაცხადა ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-სდამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა.
დისკუსიაში ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორის ცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.
„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.
სხვა სიახლეები
06 მაისი, 2026
ენერგეტიკული პოლიტიკა: ახალი მიდგომა და ახალი შესაძლებლობები | საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მორიგი დისკუსია გაიმართა
სრულად ნახვა →
06 მაისი, 2026
ეკონომიკური ფორუმის 2026 წლის დისკუსიათა სერია პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გახსნა
სრულად ნახვა →
06 მაისი, 2026
საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა 2025 - შეჯამება და მოლოდინები | ეკონომიკური ფორუმის 25-ე დისკუსია გაიმართა
სრულად ნახვა →