ბიზნესი და საინვესტიციო გარემო
მემკვიდრეობის ფონდის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“ 2019 წლის კვლევის მიხედვით, საქართველომ წინა წელთან შედარებით რეგიონში პოზიცია 1 ადგილით გაიუმჯობესა - ამ შედეგით საქართველო ევროპის რეგიონის 44 ქვეყანას შორის მე-8 პოზიციაზეა, მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის კი 75.9 ქულით მე-16 პოზიციაზე „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით. საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად წაახალისა ადგილობრივი ბიზნესი, რამაც ხელი შეუწყო ადგილობრივ ეკონომიკურ ზრდას. 2018 წლის 1 ივლისიდან ძალაში შევიდა დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი. საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში იქნება 500,000 ლარამდე, ნაცვლად მანამდე არსებული 100,000 ლარისა. დასაბეგრი შემოსავალი კი იბეგრება 1%-იანი განაკვეთით, ნაცვლად 5%-სა. აღნიშნული რეფორმა ახალ სტიმულს მისცემს ქვეყანაში საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას და შედეგად, მცირე ბიზნესის წილი მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვნად გაიზრდება.
დღესდღეობით ბიზნესის კეთების სიმარტივით ქვეყანა სამაგალითოა ევროკავშირსა და ცენტრალურ აზიაში. საქართველო სამი ადგილით დაწინაურდა მსოფლიო ბანკის “ბიზნესის კეთების” (Doing Business) ყოველწლიურ რეიტინგში. წინა წელთან შედარებით, ქვეყნის პოზიცია 3 ადგილით გაუმჯობესდა და ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველი ადგილი, ხოლო მსოფლიო მასშტაბით, 190 ქვეყანას შორის, მე-6 პოზიცია დაიკავა. საქართველო 4 ინდიკატორის მიხედვით 190 ქვეყანას შორის პირველ ათეულში შედის. ეს ინდიკატორებია: ბიზნესის დაწყება (მე-2 ადგილი), მინორიტარულ ინვესტორთა უფლებების დაცვა (მე-2 ადგილი), ქონების რეგისტრაცია (მე-4 ადგილი) და კონტრაქტების აღსრულება (მე-8 ადგილი).
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) 2018 წლის კვლევაში, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს, საქართველოს 58 ქულა აქვს და 41-44-ე ადგილებს იყოფს ლატვიასთან, ესპანეთთან და სენტ-ვინსენტსა და გრენადინებთან. საქართველოს შედეგი 2 ქულით გაუმჯობესდა გასულ წელთან შედარებით.
დღეისთვის საქართველოში ხუთი თავისუფალი ინდუსტრიული ზონაა (თიზ), რომლებიც ინვესტორებს ისეთ შესაძლებლობებსა და უპირატესობებს სთავაზობენ, როგორებიცაა: უფასო მიწა, გამართული ინფრასტრუქტურა, საგადასახადო შეღავათები და გამარტივებული პროცედურები. თბილისს, ქუთაისსა და ფოთს 2017 წლის სექტემბრიდან ყულევის თიზი დაემატა.
საქართველოს მთავრობამ სხვადასხვა სექტორის განვითარების მიზნით რამდენიმე ფართომასშტაბიანი პროექტი განახორციელა. „აწარმოე საქართველოში“ წარმატებული სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც 2014 წელს დაიწყო და მეწარმეობის ხელშეწყობასა და ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტზე გატანას ემსახურება. ასევე, 2016 წლიდან, ქვეყანაში ამოქმედდა ვენჩერული საინვესტიციო პროგრამა - „სტარტაპ საქართველო“. სახელმწიფო პროგრამამ ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინა დამწყები ბიზნესების ინოვაციურ იდეებს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა კომპონენტებს: დაფინანსებას, საგადასახადო და იურიდიული პროცედურების გამარტივებას, ასევე, შესაბამისი განათლების ხელშეწყობას. კიდევ ერთი საინტერესო პროგრამა, რომელიც 2017 წელს დაიწყო და კვალიფიციური ხარჯების 25%-მდე ანაზღაურებით საერთაშორისო კინოპროდიუსერების მოზიდვას ისახავს მიზნად, არის „გადაიღე საქართველოში“. პროექტით „უმასპინძლე საქართველოში“ მთავრობა სასტუმროს ბიზნესს სთავაზობს ტექნიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას, მათ შორის, თანადაფინანსებას. “Check in Georgia“ პროგრამის ფარგლებში იმართება მუსიკალური ღონისძიებები საერთაშორისო ვარსკვლავების მონაწილეობით, ხოლო ადგილობრივი პროდუქტისადმი მიძღვნილი სპეციალური ფესტივალები ხელს უწყობს ტურიზმის ზრდას. ინოვაციური იდეების განვითარების მხარდასაჭერად 2016 წელს „მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი“ (ტექნოპარკი) გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 28 მარტს საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა, რაც საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში ვიზის გარეშე გამგზავრებას ითვალისწინებს. ვიზალიბერალიზაცია თავისთავად ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ზრდაში გამოიხატება.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ 2016 წელს გამოცემული სავაჭრო პოლიტიკის მიმოხილვის (Trade Policy Reviews) თანახმად, სავაჭრო რეჟიმის პროგრესული ლიბერალიზაციის ფონზე საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები განახორციელა. ქვეყანა 2000 წლიდან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია.
საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის გარდა, ასევე ხელს შეუწყობს უცხოური ინვესტიციების წახალისებას. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 1,89 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20.6 პროცენტით აღემატება წინა წლის მონაცემებს და 2014 წლის შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა ქვეყნის განვითარების მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს. ქვეყანა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგავს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშესაწყობად და უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად.
ამ მიმართულებით, აღსანიშნავია საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული „დაგროვებითი საპენსიო რეფორმა“, რომლის ამოქმედება 2019 წლიდან იგეგმება. რეფორმის მიზანია: 1. არსებული პენსიონერების უკეთ დაცვა სიღარიბისგან, ინდექსაციის მეშვეობით, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფს პენსიონერის მსყიდველუნარიანობის დონის შენარჩუნებას. 2. მომავალი თაობის პენსიონერების უფრო მაღალი საპენსიო შემოსავლით უზრუნველყოფა, რომელიც პირდაპირპროპორციულად დაკავშირებული იქნება დასაქმების პერიოდში მიღებულ შემოსავალთან და საპენსიო ფონდის მოგებასთან. გარდა ამისა, კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემას გააჩნია ეკონომიკის მასტიმულირებელი ეფექტი. კერძო დანაზოგების ზრდა, რაც ნიშნავს გრძელვადიანი ფინანსური რესურსის მობილიზებას, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივი კაპიტალური ბაზრის განვითარებას და საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.
საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ქვეყნებთან გაფორმებული აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. ქვეყანა ასევე სარგებლობს „პრეფერენციათა განზოგადებული სისტემის“ რეგულაციით, რომლის მიხედვითაც საქართველოდან აშშ-ში, კანადასა და იაპონიაში პროდუქციის ექსპორტზე შემცირებული ტარიფებია დაწესებული. ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან 2016 წელს გამართული მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს მოსაკრებლების გარეშე მიეცა ისლანდიის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიის და შვეიცარიის ბაზრებზე შესვლის შესაძლებლობა. 2008 წელს ძალაში შევიდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის.
ევროკავშირი საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს. 2014 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმდა ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომლის რატიფიცირებაც 2015 წლის დეკემბერში ევროკავშირის ყველა ქვეყანამ მოახდინა. ასოცირების შეთანხმების ნაწილს წარმოადგენს „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმება“ (DCFTA), რომლის მიზანია ევროპულ ეკონომიკასთან ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს სავაჭრო და ეკონომიკური ზრდის ტემპის ეტაპობრივად ამაღლება. DCFTA-მ ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მეტი შესაძლებლობა შესთავაზა ადგილობრივ ბიზნესმენებს, ასევე, გაამარტივა უცხოური ინვესტიციების ჩადება საქართველოში. საქართველო ასევე სარგებლობს ცალმხრივი „პრეფერენციათა განზოგადებული სისტემით“(GSP). განახლებული რეგულაციების თანახმად, საქართველოს მდგრადი განვითარების და ეფექტიანი მმართველობის გამო მიღებული აქვს სპეციალური სტიმული - GSP+, რომელიც ევროკავშირის ბაზრებზე წვდომის მეტ შესაძლებლობას აძლევს.
თბილისში საინვესტიციო პროექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიყევით ბმულს